პარტია ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ფასილიტატორ ელჩებს ერთიანი პოზიცია დოკუმენტური სახით გადასცეს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ელჩები დოკუმენტს მმართველ გუნდს წარუდგენენ და ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, როცა პარტია ოპოზიციას თავიანთ წინადადებას გააცნობს.
"ჩვენ მივეცით შვიდი პარტიის მიერ შეთანხმებული ერთიანი პოზიცია, კონკრეტულად ჩამოწერილი წინადადებებით, გადავეცით ჩვენს მეგობრებს იმისათვის, რომ მათ გააცნონ ეს წინადადებები ქართულ ოცნებას, რომ ქართულმა ოცნებამ მოგვცეს ასევე მათი ხედვა, ყველა იმ წინადადებასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ.
როდესაც იქნება შეთანხმება, რომ მეორე მხარე მზად არის შესახვედრად და მოგვაწვდის წინადადებებს იმისათვის, რომ ჩვენ გავეცნოთ და მოვემზადოთ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ წინადადებებს ისინი ნახავენ, როგორც კონსტრუქციულს, სადაც მართლაც არის ჩამოყალიბებული ლოგიკურად, თუ რა არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ისინი გაიზიარებენ ამ წინადადებებს და რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ფასილიტატორ ელჩებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.